20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
ცხადი იყო, რომ ის რუსეთის პროვოცირებული იყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი რეაგირება მოახდინა - მაიკლ კარპენტერი რუსეთ-საქართველოს ომზე 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ კარპენტერი, 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობს. რუსეთ-საქართველოს ომის დროს კარპენტერი უწყებაში კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მან ინტერვიუ ტელეკომპანია "RTVI"-ის მისცა და კონკრეტული პასუხი გასცა შეკითხვას - თუ ვინ დაიწყო ომი.

"წარმოუდგენელია, რომ 10 წლის შემდეგ ისევ ვკამათობთ იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ეს ომი. ამ კამათის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე. ისინი მალავდნენ თავის ქმედებებს, 8 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპეცსამსახურის თანამშრომლები გაგზავნეს. ეს არის ის, რასაც მე ვაკვირდებოდი ჩემი პოზიციიდან სახელმწიფო დეპარტამენტში.

"უნდა ითქვას, რომ დაზვერვის მონაცემები ძალიან შეზღუდული იყო. ინფორმაციის ნაწილი მოვლენების ადგილიდან ჩემთან რეპორტიორებისგან და ჟურნალისტებისგან მოდიოდა, რომლებიც აშუქებდნენ თუ რა ხდებოდა ცხინვალსა და ვლადიკავკაზში.

"ვხედავდით, რომ 8 აგვისტომდე დღეებით ადრე რუსეთის არარეგულარული ჯარი და კაზაკები გადავიდნენ სამხრეთ ოსეთში და ცეცხლს უხსნიდნენ ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. ასე რომ, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ცხადი იყო, რომ ის რუსეთის პროვოცირებული იყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი რეაგირება მოახდინა. 2014 წელს ყირიმში 2008 წლის მოვლენების თითქმის იდენტური განმეორება მოხდა. ყველაფერი ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. ასე რომ დიახ ჩვენ დავინახეთ იგივე გაურკვეველ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ისინი ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში გამოჩდნენ ისევე როგორც 2014 წლის თებერვალში ყირიმში."- აცხადებს მაიკლ კარპენტერი.

დღის ამბები