20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გრძელდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დღეს განახლდება.

მარგველაშვილის მრჩევლები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. განხილვების თემა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის წესის შემუშავებაა.

ყურადღება გამახვილდება იმ კრიტერიუმებზეც, რომელსაც მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.

„ადმინისტრაცია ინტენსიურად აწარმოებს შეხვედრებს, კონსულტაციებს იურიდიულ წრეებთან, აკადემიურ წრეებთან იმისთვის, რომ ყველამ ერთად მოვახერხოთ და შევარჩიოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ღირსეული კანდიდატი. ჩვენი საუბრის თემა ეხება ისევ პროცესს, რა იქნება იდეალური და ყველაზე სწორი პროცესი, რომ ჩვენ ამ სწორი პროცესის შედეგად შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს იმ პირი, რომელიც ესოდენ მაღალ თანამდებობაზე იქნება დასახელებული,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატს სექტემბრის ბოლომდე შეარჩევენ და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ვადაზე ადრე გადადგა, რის გამოც, ახალი თავმჯდომარის შერჩევის საჭიროება დადგა.

დღის ამბები