20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
მარეგულირებელი კომისიის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს - კახიძე პოლიტიკური რეკლამის შესახებ რეგულაციაზე საუბრობს

"ევროპული საქართველო" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამის განთავსება აეკრძალათ. 

განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ გააკეთა. 

კახიძის თქმით, შექმნილია არაორდინალური მდგომარეობა, რომელიც ხელს მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს. 

„ევროპული საქართველო“ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეცვლას ითხოვს. 

„კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს აუკრძალა პოლიტიკური პარტიების რეკლამის განთავსება, არა საარჩევნო პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები მოკლებული არიან შესაძლებლობას, განათავსონ რეკლამა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება პარტიის პროგრამას, ეხება მათ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეხება სხვადასხვა საპროტესტო აქციას თუ პარტიის ყრილობას. იქმნება ძალიან არაორდინალური მდგომარეობა, რომელიც ხელს აძლევს ხელისუფლებას, რომელიც შეუზღუდავად ათავსებს საკუთარ რეკლამებს და მათ სოციალური რეკლამის სტატუსი აქვთ. ამიტომ, „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს ეს, აბსოლუტურად უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ და პირადად ბატონმა ბექაურმა, დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს. ამისთვის, ევროპულმა საქართველომ მიმართა უწყებათაშორის საბჭოს, რომ გაიცეს შესაბამისი რეკომენდაცია,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ პოზიციას იზიარებს თითქმის ყველა მედია საშუალება, ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების საკითხზე მუშაობს.

დღის ამბები