საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მისი მოლოდინი პესიმისტურია, რადგან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე პრეზიდენტი თავის თანამშრომლებს ნიშნავს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს „კინკლაობაში“ არ აჰყვება.
„პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დაასახელებს ვინმეს თავის თანამშრომელს, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის კინკლაობაში ჩვენ მიზანმიმართულად და შეგნებულად არ შევდივართ, არ ვპასუხობთ ასეთი ტიპის კომენტარებს,“ – აცხადებს კოჟორიძე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები კი დღეს განახლდა. მარგველაშვილის მრჩევლები ამჯერად ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
კახა კოჟორიძის თქმით, თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.
„ვფიქრობთ, რომ მათ აქვს ის ღირებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იმ პრობლემატიკის გააზრებაში, ერთი მხრივ, და შემდეგ ღირსეული კანდიდატის დასახელებაში, რა მიზანსაც ჩვენ ვისახავთ. ეს არის მთელი ქვეყნის საერთო მიზანი,“ - განაცხადა კოჟორიძემ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არამედ მართლმსაჯულების სისტემისადმი ერთგულებით უნდა შეირჩეს და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მიმართ ლოიალურობით, რაც დავით ასათიანის თქმით, სასამართლოსადმი ნდობის ხარისხს გაზრდის.
დღევანდელი შეხვედრა უკვე მესამეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონსულტაციები აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან უკვე გამართეს.