მესამე სექტორი არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება რეგულაცია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამების განთავსებას უკრძალავს.
დღეს საპარლამენტო უმცირესობამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სწორედ ამ რეგულაციის გაუქმება მოითხოვა, თუმცა არ დააკმაყოფილეს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტის კოორდინატორი, ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ ზიანი თავად ტელევიზიებსაც ადგებათ, რადგან ისინი კარგავენ შესაძლებლობას, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო იქონიონ.
„აბსოლუტური აკრძალვის დაწესება არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებაზე არის არამიზანშეწონილი. გაურკვეველია ამ შემთხვევაში ასეთი აკრძალვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ზოგადად საზოგადოებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ზიანის მომტანიც არის თვითონ მაუწყებლებისთვისაც, რომლებსაც ეკრძალებათ რაღაც დამატებითი შემოსავლის წყარო ჰქონდეთ,“ - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.