პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შერჩევის პროცესში ეროვნული პლატფორმაც ჩაერთო. შეხვედრაზე საუბარი კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, არ ყოფილა. მთავრი თემა დღესაც კრიტერიუმები იყო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე უნდა შეარჩიოს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობის წარმომადგენლები კონსულტაციებში არ მონაწილეობენ. თუმცა, პრეზიდენტის მრჩეველს პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძეს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის წარდგენის შემდეგ გადაწყვეტილებას შეცვლის.
განცხადება შეხვედრის შესახებ გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.
„ჩვენ მიუხედავად მათი უარისა, კვლავ მზად ვართ შეხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, რის შესახებაც საზოგადოების მაღალი ჩართულობით, მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია და მე ვფიქრობ და ვიტოვებ იმედის, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება მიუხედავად მათი უარისა, თანამშრომლობით,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა კლანური გავლენებისგან დაზღვეული იყოს.
„მთავარი კრიტერიუმი, რომელზეც საუბრობდა დღეს აქ წარმოდგენილი საზოგადოება, არის რომ არ უნდა იყოს სისტემის მხრიდან გავლენები, ანუ მოქმედი და ყოფილი მოსამართლები არ გვინდა, ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის კრიზისს. მთავარი ამოცანა მაინც არის, რომ ჩვენ როგორმე დავაზღვიოთ ქვეყანა კლანური გავლენებისგან და კორპორატიულ გავლენებისგან, შიდა სისტემური გავლენებისგან,“ - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში იმედოვნებს, რომ პარლამენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგება.
„ვინაიდან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, აქედან გამომდინარე მაქვს იმედი, რომ პარლამენტი სერიოზულად მიიღებს ამ წინადადებებს და გვექნება კონსტრუქციული პროცესი. კონსტრუქციული პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ამ კრიტიკულ ვითარებაში,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.