ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - ჰოლანდიის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის სარჩელის განხილვა დაიწყო.
„ლიბერთი ბანკის“ მფლობელი მიხეილ სააკაშვილს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო უჩივის და სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს. ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილისგან "რუსთავი 2-ის" ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.
სასამართლო პროცესი ჰოლანდიის ქალაქ მიდელბურგი რამდენიმე საათის წინ დასრულდა. სხდომათა დარბაზში ორივე დაპირისპირებული მხარე იმყოფებოდა, მიხეილ სააკაშვილიც და ირაკლი რუხაძეც.
მოსამართლემ დარბაზში მხარეების ადვოკატების არგუმენტები მოისმინა და სასამართლო რამდენიმე კვირით გადადო.
ირაკლი რუხაძის ადვოკატების მოთხოვნით დარბაზში არ შეუშვეს „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი. სხდომის დასრულების შემდეგ კი რუხაძემ შენობა სხვა გასასვლელით დატოვა და „კურიერის“ კითხვებს არ უპასუხა.
სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ სასამართლო პროცესის წამოწყება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას უკავშირდება.
„მათი მიზანია, რომ ამ სასამართლოში დამაბან შემდეგი რამდენიმე კვირა, არ ვიყო დაკავებული საქართველოთი. ჩემი მოკრძალებული ფინანსური რესურსები, უკანასკნელი დავხარჯო ივანიშვილთან და მის მაფიასთან ბრძოლაზე. თვითონ უხდიან ასობით ათას დოლარს თავის იურისტებს სხვადასხვა ასეთ საქმეებზე,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასამართლო სხდომაზე გარდა მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისა, ასევე, იმსჯელეს "რუსთავი 2-ზე", რადგან არ სურდათ, რომ აღნიშნული პროცესი სამაუწყებლო კომპანიას გაეშუქებინა.
„ორი რაღაც აღიზიანებთ, ის, რომ მე ვლაპარაკობ, რომ ბანკები ძარცვავენ ქართველ ხალხს, რაც თვითონ ივანიშვილმაც აღიარა, ოღონდ სულ დაავიწყდა, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მთავარი ბანკირი და მთავარი ამის კუკნა ძალა და მეორე, „რუსთავი 2-ზე“ ილაპარაკეს ბევრი, რომ "რუსთავი 2" რატომ არის აქ, "რუსთავი 2" რატომ აშუქებს ამას. ერთი სიტყვით, საქართველოში რაც ვერ მოახერხეს, რომ "რუსთავი 2" გაეთიშათ ეთერიდან და დაეკეტათ, იმიტომ, რომ სტრასბურგმა შეუშალათ ხელი, ცდილობენ, ახლა აქ ჩაგხსნან თქვენ და გამაჩუმონ მე და დარჩებათ სათამაშოდ და სათარეშოდ საქართველო, ვერაფერს საქართველოში ვეღარავინ ხმას ვეღარ ამოიღებს, თუ სააკაშვილიც გააჩუმეს, ვიღა არის ხმის ამომღები. ეს არის ამ მაფიის ამოცანა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ენმ-ის ლიდერის თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი ოქტომბერში აუცილებლად დამარცხდება.
მიხეილ სააკაშვილმა „ლიბერთი ბანკის“ მფლობელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირაკლი რუხაძე ივანიშვილთან და პატარკაციშვილთან დაახლოებული პირია და ის ცდილობს, რომ სასამართლოზე აპოლიტიკურ პირად გამოჩნდეს.
"ეს კაცი ვინ არის, პატარკაციშვილის მთავრი კაცი იყო და მთავარი ფინანსისტი, მოლარე და ყველაფერი, მერე ივანიშვილთან კუდები გადააბა ბოლომდე და მე რა შუაში ვარ საერთოდ, მე ერთი მოკრძალებული კაცი ვარ, არაფერი არ მაინტერესებს, „იმედსაც“ მე ვმართავ, მაესტროსაც და GDS-საცო, მაგრამ მე რა შუაში ვარო, მართლა სულელები ჰგონია ყველა. ამიტომ, ეს არის ნამდვილი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც აქვს საცეცები, ხომ ხედავთ მთელ მსოფლიოში, აგერ ჰოლანდიაშიც მომწვდნენ, უნდა ჩავუჭრათ სათითაოდ საცეცები და გავათავისუფლოთ ჩვენი ხალხი, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი მომავალი დავიხსნათ მათგან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.