დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს და ახალ ბუნდოვან განცხადებებს აკეთებს.
დიდ ჯიხაიშში ამომრჩეველთან გამართულ პირველ შეხვედრაზე კანდიდატი საპრეზიდენტო გეგმებზე საუბრობს. როგორც ირკვევა, მისი პრიორიტეტები ტურიზმი და ხალხთან ურთიერთობა იქნება.
ზურაბიშვილს სურს, რომ ქვეყანაში ელიტარული ტურისტები ჩამოვიდნენ და განსაკუთრებით დაინტერესდნენ არქეოლოგიური გათხრებით.
„ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ ჩვენ ეს ტურიზმი ნელ-ნელა გადავაქციოთ ელიტარულ ტურიზმად, ჩამოვიყვანოთ ადამიანები, რომლებიც ინტერესდებიან ჩვენი ეკლესიებით, ჩვენი საგანძურებით, ჩვენი სიმღერით და ყველაფრით, არქეოლოგიით. დღევანდელ მსოფლიოში, არქეოლოგიური ექსპედიციების ცენტრები, პრაქტიკულად, ძალიან ძნელი მოსაპოვარია, სირია, იორდანია, ყველა ეს ქვეყნები ისეთ მდგომარეობაში არიან დღეს, რომ იქ ჩასვლა ძალიან რთულდება და ჩვენ გვაქვს ფანტასტიური ამ მხრივ სივრცე, სადაც სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო და ეს ჩვენი სიმდიდრე უნდა, ასევე, გავაზიაროთ უცხოელებთან, ჩამოვიყვანოთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ირკვევა, რომ საკუთარი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში დამოუკიდებელი კანდიდატი კვერცხების სროლასაც ელოდებოდა, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა.
„ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტო მდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი ანუ მისგან ქვეყანას სჭირდება ინიციატივები, იდეები ანუ არა მხოლოდ მისგან, ეს უნდა იყოს მის მიერ შეგროვილი საზოგადოებაში. ის დიალოგი, ის ურთიერთობა საზოგადოებასთან უნდა იყოს უწყვეტი, რათა მასთან მოვიდეს ის კრიტიკული პრობლემები, რომ გაეცნოს ყველაფერს იმას, რაც სტკივა საზოგადოებას. ის, რაც ხდება დღეს, სიძულვილი, გაუთავებელი ქიშპობა თუ არა უარესი, რაც დღეს მე მემუქრებოდნენ, რომ აქ კვერცხების სროლა იქნებოდა და ველოდები თუ ვინმეს გაქვთ კვერცხი წამოღებული, გთხოვთ. მაგრამ ეს არის ის, რაც ამ ქვეყანას ასუსტებს,“ - განაცხადა
ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერას. მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მოსაფიქრებლად კიდევ სამ კვირიანი ვადა აქვს.