20 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
"ქართუს" კიდევ ერთი კადრი სახელისუფლებო თანამდებობაზე - თბილისის მერიის ურბანული სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე წარადგინეს 

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ჯგუფის ერთ-ერთი გავლენიანი პირი და „ქართული ოცნების“ შემომწირველი, ალექსანდრე ტოგონიძე, თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება. ტოგონიძე თბილისის მერიის ურბანული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კახა კალაძემ წარადგინა.

ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის ახალი კადრისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს.

„ქართუ ჯგუფის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ტოგონიძე მერიამდე ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში მუშაობდა. ის 2015-2016 წლებში შპს „ბურჯში“, „ასოციაცია ატუ-სა“ და „ელიტა ბურჯში“ სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

კახა კალაძის საკადრო გადაწყვეტილებას ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის გავლენებით ხსნიან. საკრებულოს ოპოზიცია ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერი დედაქალაქის მთავრობას სანდრო კადრებით აკომპლექტებს.

2016 წელს ტოგონიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველად ფიქსირდება, მან პარტიას 15 ათასი ლარი შესწირა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ურბანული სამსახურის ახალი ხელმძღვანელს თანამდებობას პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 26 წლის ალექსანდრე ტოგონიძე „კავკასუს როუდ ლაინის“, SBK-სა და „საქართველოს ბიზნეს ჯგუფის“ მეწილეა. საკრებულოს უმცირესობას კითხვები ტოგონიძის კომპეტენციასთან დაკავშირებითაც აქვს. ოპოზიცია საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს.

საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ურბანულ კომისიაში დარწმუნებულები არიან, რომ დედაქალაქის მერმა ღირსეული კანდიდატი შეარჩია.

ალექსანდრე ტოგონიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მერიაში კი განმარტავენ, რომ საქალაქო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს მედიასთან საუბარი ოფიციალურად დამტკიცებამდე არ სურს.

ალექსანდრე ტოგონიძეს ხვალ მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ოფიციალურად დამტკიცებამდე მან საკუთარი ხედვა და პროგრამა საკრებულოს წევრებს უნდა გააცნოს. დამტკიცების თხოვნით კი კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებს უკვე მიმართა.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები