საქართველოში ანგელა მერკელის ორდღიან ვიზიტს და ოკუპაციასთან დაკავშირებით კანცლერის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც აფასებენ.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტისა და კანცლერის გუშინდელ შეხვედრაზეც მერკელმა არაერთხელ ახსენა ტერმინი "ოკუპაცია" და გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„მე ვთვლი, რომ ქალბატონი მერკელის ვიზიტი იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებული იყო მისი პოლიტიკური დატვირთვა, პოლიტიკური გზავნილები, რომელიც ორი დღის განმავლობაში ჟღერდებოდა, როგორც პრემიერთან, ასევე პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ბრიფინგზე და ასევე სტუდენტებთან შეხვედრაზე.
„ის ფაქტი, რომ ქალბატონი მერკელის მხრიდან ხაზი გაესვა კიდევ ერთხელ, რომ გერმანია განსაკუთრებულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დეოკუპაციას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან გერმანია ბევრი ქვეყნისათვის მისაბაძია, თუ გერმანიის მხრიდან რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა მას შემდგომ, რაც გერმანიამ ძალიან ღიად, ძალიან აქტიურად დაუჭირა მხარი ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს.
"დღეს გერმანიის მხრიდან, ქალბატონი მერკელის მხრიდან გაჟღერდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, საუბარია სამუშაო კვოტებზე და ის ფაქტი, რომ ქართველებს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ შესაძლებლობა უჩნდებათ, ევროკავშირში ლეგალურად სამუშაო იპოვონ და ამის პირველი ფლაგმანი შესაძლებელია,“ - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.