„გუნდში ჩვენ გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ვის დაუჭერს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თალაკვაძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე იმსჯელებენ.
„რაც შეეხება ჩვენი მხარდაჭერის საკითხს, თუ ვის დავუჭერთ ჩვენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება და ამის შემდგ ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე გავასაჯაროებთ. იყო საზოგადოებასა და ჩვენი გუნდის ნაწილშიც სურვილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო ბატონ ბიძინა ივანიშვილის. როგორც იცით, მას არ სურს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენს გუნდში არის არა ერთი ადამიანი, რომელიც მონაწილეობის შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გაიმარჯვებდა საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდაჭერით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.