ანგელა მერკელის ვიზიტსა და მის პოლიტიკურ გზავნილებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიდერლანდებიდან აფასებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ვიზიტისას, გერმანიის კანცლერს შემთხვევით არ შეუდარებია ერთმანეთისთვის საქართველო და სომხეთი.
სააკაშვილის თქმით, ქვეყანა მზად არის არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად, რასაც ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის დასრულება მოჰყვება.
„ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი იყო. სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს ხელისუფლებიდან სულ ცოტა ხნის წინ. მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება - საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ, პირველ რიგში, მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს.
"დღევანდელი ე.წ. მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა. მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს. ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება წელს ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.