20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
სტუდენტის დაჟინებული შეკითხვა და მერკელის აღიარება, რომ საქართველო ოკუპირებულია - კანცლერმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

გერმანიის კანცლერის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ანგელა მერკელმა თბილისი დღეს, შუადღეს დატოვა. სტუდენტებთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია.

სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს სამჯერ დასჭირდათ კითხვის დასმა იმისთვის, რომ ანგელა მერკელს ტერმინი „ოკუპაცია“ გამოეყენებინა.

რუსული ოკუპაცია გერმანიის კანცლერმა საკუთარი თვალით სოფელ ოძისში ნახა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები ანგელა მერკელმა ევროკავშირის მისიასთან ერთად დაათვალიერა.

ანგელა მერკელმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც დააფიქსირა მოსაზრება.  

გერმანიის პოზიცია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ისევ სკეპტიკურია, ანგელა მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრისას პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე დააფიქსირა. ევროკავშირში შესვლამდე კი მერკელმა საქართველოს რიგის დაკავება და რეფორმების გატარება ურჩია.

გერმანიის კანცლერმა ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრები გამართა. ანგელა მერკელის ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები