თბილისის მერი "კურიერში" გასულ რეპორტაჟს, რომელიც ეშმაკის ბორბალზე ორ მილიონიანი გიგანტური საათის დამონტაჟებას უკავშირდებოდა, 9 წელზე საუბრით გამოეხმაურა. კახა კალაძემ „რუსთავი 2“ სიცრუეში დაადანაშაულა. თბილისის მერი „კურიერისგან“ ბოდიშის მოხდას ელოდება.
თბილისის მერს არ უხსენებია, რომ "კურიერში" გასული რეპორტაჟი კალაძის მიერვე ხელმოწერილ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო მომზადებული.
დოკუმენტში, სადაც „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ იტალიურ კომპანია „იგუზინთან“ დაწყებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს, აღნიშნულია, რომ ეშმაკის ბორბალზე საათის დამონტაჟებისთვის 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. მერიის ხელმძღვანელების მიერ სამუშაოების შესრულების მიზნით კომპანიასთან დაწყებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს „იგუზინის“ ოფისი საქართველოში.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ეშმაკის ბორბალზე საათის მონტაჟისთვის საჭირო 2 მილიონი მერიამ მნიშვნელოვან პროექტებზე თანხის დაკლებით შეაგროვა. მერიის მიერ მომზადებული ცვლილებები საკრებულოს საფინანსო კომისიამ უკვე დაამტკიცა, თუმცა თბილისის მერმა დღეს მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტი უარყო.
კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი კი გუშინ რეპორტაჟში ადასტურებდა, რომ თბილისის მერიისთვის ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათის დამონტაჟება ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
ოპოზიცია თბილისის მერის ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს. საკრებულოს დეპუტატები მზად არიან, კალაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ნამდვილობა შესაბამისი უწყებებისგან მოითხოვონ.