საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ 8 სექტემბერს ელოდება, როცა ყველა კანდიდატს ცესკო-ში განაცხადი წარდგენილი ექნება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრი კრიტერიუმი აპოლიტიკურობა იქნება და მართველი გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.
ირაკლი კობახიძე ჯერ არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
„ველოდებით კანდიდატურებს. ჩვენ შეგვეძლო, გაგვეთამაშებინა ასეთი სცენარი, წარგვედგინა დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იქნებოდა პროცესში ხელოვნური ჩარევა და არასწორი იქნებოდა. ველოდებით პროცესების განვითრებსა. ველოდებით 8 სექტემბერს, როდესაც კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს დაასახელებენ ცესკო-ს წინაშე. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 8 სექტემბერს დასრულდება კანდიდატების დასახელების ვადა და სპექტრიც იქნება ჩამოყალიბებული, იმ სპექტრიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძეც ამბობს, რომ მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც არცერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი.
„მხარდაჭერას გამოვუცხადებთ და ჩვენ რა რესურსიც გაგვაჩნია, ჩვენი მხარდამჭერები ხომ არსებობენ ქვეყანაში და ძალიან ბევრია, შესაბამისად, კანდიდატს ექნება მხარდაჭერა. მთავარია, ის იყოს დამოუკიდებელი და არა რომელიმე პარტიის კუთვნილება. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. თუ ვინ იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი, ვნახოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.