ბოლო სამ კვირაში ცემენტის მწარმოებელი 25 ქარხანა გაჩერდა. ადგილობრივი მწარმოებლები ფინანსურ ზარალს ითვლიან, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.
კრიზისამდე ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები საბაჟოზე შექმნილმა პრობლემებმა მიიყვანა.
უკვე ერთი თვეა, ცემენტის წარმოებისთვის საჭირო 3000 ტონა კლინკერის განბაჟებაზე შემოსავლების სამსახური უარის ამბობს. ოფიციალური მიზეზი ხარისხის კონტროლია, თუმცა, დროში გაწელილი შემოწმების გამო, ცემენტის ქართულ ბაზარზე საწარმოება ერთმანეთის მიყოლებით ჩერდება.
კლინკერი, რომელსაც ცემენტის წარმოებაში იყენებენ, ქართულ საწარმოებს აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ. პროდუქციას თან ახლავს მწარმოებელი კომპანიის ხარისხის სერტიფიკატი.
ცემენტის ქართველი მწარმოებლებისთვის გაუგებარია, რატომ სჭირდება პროდუქციას დამატებით კონტროლი საბაჟოზე.
ეჭვებს აძლიერებს კიდევ ერთი გარემოება. 3 ათასამდე ტონა ტვირთი უკვე ერთი თვეა, გაჩერებულია, თუმცა, სინჯები ექსპერტიზისათვის ჯერ არ აუღიათ.
პაატა ტატურაშვილი კლინკერის ერთ-ერთი შემომტანია, მისი ბიზნესი საბაჟოზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ფინანსური დარტყმის წინაშე დააყენა. 25 ვაგონი ტვირთი 12 დღეა კასპში რკინიგზაზე დგას და ყოველდღიურად იმპორტიორს სოლიდური ჯარიმის გადახდაც უწევს.
მწარმოებლები ამბობენ, რომ საბაჟოზე შექმნილი პრობლემების უკან, სავარაუდოდ, ჰაიდელბერგცემენტის ბიზნესინტერესები დგას. კლინკერს საქართველოში ჰაიდელბერგიც აწარმოებს და ერთ-ერთი, ვისაც ნედლეულის გარეშე დარჩენა არ ემუქრება, სწორედ ეს კომპანიაა. ბაზრის დანარჩენი მოთამაშეები კი ან ჰაიდელბერგზე უნდა გახდნენ დამოკიდებულები ან ცემენტის წარმოება საერთოდ უნდა შეწყვიტონ.
ჰაიდელბერგცემენტის ქართული აქტივების 50% ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს და ირაკლი რუხაძის ჰანიველ პარტნერსს ეკუთვნის, რომელთაც წილი რამდენიმე თვის წინ ერთობლივად შეიძინეს.
ცემენტის მწარმოებლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილი აქციები უკვე ორჯერ გადადეს იმ პირობით, რომ მთავრობა დახმარებას და ვითარების დროულად გარკვევას დაჰპირდა.
ბიზნესომბუდსმენი ამტკიცებს, რომ კლინკერის საბაჟოზე გაჩერების ერთადერთი მიზეზი ხარისხის კონტროლის გამკაცრებული რეგულაციებია.
მთავრობას მწარმოებლები პრობლემის მოსაგვარებლად და კლინკერის განსაბაჟებლად 4 დღეს აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს ქუჩაში გააგრძელებენ.