2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნაში მომხდარი დანაშაულის მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ბოლო პერიოდის სტატისტიკა გამოითხოვა და დაადგინა, რომ უკანასკნელ 7 თვეში დანაშაულის ფაქტებმა მოიმატა.
არასამთვრობო ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ რეალური მიზეზი ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წინა წლებში სტატისტიკას მალავდა და საზოგადოებას ქვეყნაში კრიმინალის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.
IDFI გიორგი გახარიას უწყებას მოუწოდებს, შეისწავლოს წინა წლების დანაშაულის სტატისტიკა, შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„ჩნდება კითხვები, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი ხომ არ არის წინა წლებში ფალსიფიცირებული სტატისტიკა. ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა. არაერთი კვლევა გვაქვს ამასთნ დაკავშირებით, სადაც სამინისტროს ვამხელდით, რომ საზოგადოებას აცნობდა არასწორ მონაცემებს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს 300%-იანი ზრდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ზრდის კუთხით, 100%-იანი ზრდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. ამ მხრივ გამორჩეულია თვითმკვლელობის მუხლით აღძრული საქმეებით მიმართული. აგრეთვე გვაქვს, დაახლოებით, 60%-იანი ქურდობის მაჩვენებლების ზრდა. ეს ყველაფერი კითხვას აჩენს, რა მოხდა ბოლო 7 თვეში ისეთი, რამაც წინა წელთან შედარებით ასე მკვეთრად გაზარდა დანაშაულის რიცხვი,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა.
IDFI-ის ინფორმაციაზე შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, კომენტარი არ გააკეთა.