საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროპარლამენტში გამოთქმულ უმწვავეს კრიტიკას თბილისში პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპარალამენტის ტრიბუნიდან გამოთქმული მწვავე შეფასებები არაადეკვატურად აღიქვა.
მათი თქმით, ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერებულ უმწვავეს შეფასებებს დაფიქრება და ადეკვატური პასუხი სჭირდება, წინააღდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე დიდი დარტყმის წინაშე დადგეს.
„ეს არის არაფორმალური მმართველობა, შეტევა ინსტიტუტებზე, ერთი პოლიტიკური ძალის გაძლიერება, მათ შორის ფინანსური კუთხით, უფლებების შელახვა, პოლიტიკური სისტემის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევები - ამ პრობლემებზე ისაუბრეს, როგორც მოხსენებაში, ისე დამოუკიდებელი ექსპერტის გამოსვლაში. ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ რეაქცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვნახეთ, იყო ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა, უარყოფა და საუბარი, რომ ყველაფერი არის კარგად. თუ რამე აზიანებს საქართველოს, არის სწორედ ასეთი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს განცხადებები უნდა იყოს სერიოზული განგაშის ზარი საქართველოს ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტია ევროპარლამენტი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელმაც ეს დასკვნა დადო. ეს უნდა იყოს გამოფხიზლების ზარი. თუკი რაიმე აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ამაზე სამარცხვინო რეაქცია, რომ თურმე, ეს ყველაფერი ტყუილია და სიმართლეა მხოლოდ ის, რასაც მარტო ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს მხოლოდ ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წარმომადგენლმა, სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციის შეფასებით, როგორც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში ექსპერტებმა აღნიშნეს, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ერთპიროვნული მმართველობაა.
„სამწუხაროდ, დემოკრატია ამ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევად რჩება. ასევე ბევრი საუბარია, რომ საჭიროა მთელი რიგი რეფორმები, რაც შეეხება კორუფციას, ადამიანის უფლებების დაცვას, ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი და რომელიც სწორედ იქნა დახასიათებული იმ ექსპერტების მიერ, რომლებმაც წარდგინეს საკუთარი შეფასებები ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში. ექსპერტების აზრით, სწორად იქნა აღნიშნული, რომ ქვეყანაში მთავარ გამოწვევად დღეს რჩება ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა და ის, რომ არაფორმალურმა მმართველობამ პროცესი, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ევროპარლამენტში გაჟღერებულ მწვავე შეფასებებზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, კომენტარი არ გააკეთა.