ჭიათურის მოქმედი და ყოფილ მერების საქმიანობით შესაძლოა, პროკურატურა დაინტერესდეს. აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეისწავლა და კრიტიკული დასკვნა დადო.
56-გვერდიან დოკუმენტში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ 2016-1017 წლებში დახარჯული სახსრების მიზნობრიობაზეა საუბარი. დასკვნის ერთი ნაწილი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.
დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შეძენილი სამშენებლო მასალების ნაწილი დაკარგულია. სულ გამოუყენებელი მასალების ღირებულება 2018 წლის 1 აპრილის მონაცემებით, 744 ათასი ლარია.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მონაცემებით, გაფუჭებულია 10 700 ლარის მასალა, 65 700 ლარის ღირებულების მასალის ადგილსამყოფელი კი გაურკვეველია. 216 000 ლარის გამოყენებულია, თუმცა არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, დასაწყობებულია 451 700 ლარის მასალა.
აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ორ წლიანი პერიოდი შეამოწმა, მათ შორის 2016 წელიც. ამ დროს, ქალაქის მერის პოსტს ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი, სულხან მახათაძე, იკავებდა. არ არის გამორიცხული, კითხვები სამართალდამცველებს მასთან ჰქონდეთ.
სატელეფონო საუბარში დეპუტატი ამბობს, რომ აუდიტის დასკვნას არ იცნობს და კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.
შეკითხვები აუდიტის სამსახურს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ 2016-2017 წლებში კომპანია დაუ პლიუსის დაქირავებასთან დაკავშირებითაც აქვს.
ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ არამიზნობრივ ხარჯვა მათ არაერთხელ გააპროტესტეს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი