26 დეკემბერი 2024,   15:12
ვრცლად
სკანდალური დასკვნა და ახალი იარაღი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - "ოცნება" კომისიის სხდომას არ ესწრება

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა.

საუბარია 16-გვერდიან დოკუმენტზე, სადაც საუბარია ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილე მ.კ-ზე და მის როლზე ამ დაპირისპირებაში.

მ. კ სწორედ ის არასრულწლოვანია, რომელზეც თვეების განმავლობაში საუბრობდა მოკლული დავით სარალიძის მამა და ამბობდა, რომ მას ხელს აფარებდნენ.

დასკვნაში საუბარია, რომ ამ ჩხუბისას მ.კ-ს ჰქონდა გარკვეული ნივთი, რომელსაც არასრულწლოვანები ტარს უწოდებდნენ. ასევე არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც სწორედ მ.კ. სწორედ ამ ტარს აჩვენებს მოზარდებს. 

დასკვნის ამ ნაწილს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, თუმცა, ამ სხდომას არ ესწრებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები. პროტესტის მიზეზი კი სწორედ ეს დასკვნა გახდა.

ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ისინი გაეცნობიან დოკუმენტს და ამის შემდეგ წარმოადგენენ შენიშვნებს.

„როდესაც დასკვნაში საუბარია სერიოზულ დანაშაულებრივ დარღვევებზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, როდესაც საუბარია თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, გასაკვირი არ არის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ეს დოკუმენტი არის მიუღებელი. თუმცა, აბსოლუტურად მიუღებელი და გასაკვირი პოზიციაა, როდესაც ისინი სხდომაში მონაწილეობაზე ამბობენ ამ მოტივით უარს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც დღეს კომისია მსჯელობს, სერგი კაპანაძის  განცხადებით, განხილული იქნება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც კომისიის მუშაობის შედეგად არის დადგენილი.

„არის რამდენიმე საინტერესო ახალი მნიშვნელოვანი გარემოება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ სხვა რა პოტენციური ნივთი შეიძლება,  ყოფილიყო ამ ჩხუბის დროს გამოყენებული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები