26 დეკემბერი 2024,   15:07
ვრცლად
"პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელებთ ვინ იქნება ის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვისაც მხარს დავუჭერთ"-აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების ვადის ამოწურვამდე ზუსტად 5 დღე რჩება. მმართველი გუნდი, გადაწყვეტილების ხმამაღლა გამოცხადებას არ ჩქარობს და 8 სექტემბერს ელოდება, თუმცა ვინ გახდება „ქართული ოცნების“ რჩეული უკვე აშკარაა, რადგან უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება ღიად დაიწყეს. სოციალ-დემოკრატები და კონსერვატორები, სავარაუდოდ სწორედ მმართველი გუნდის განწყობას გამოხატავენ, თუმცა „ქართული ოცნება“ საკუთარი რჩეულის დასახელებისგან ბოლო წუთამდე თავს იკავებს. მმართველ გუნდში არ მალავენ რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. 

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებას“ საკუთარ კანდიდატი არ ეყოლება თუმცა იმას ვის დაუჭერს პარტია მხარს ამას პოლიტსაბჭოს ფორმატში გადაწყვეტენ.

„მხარდაჭერის საკითხზე უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და პოლიტსაბჭოს ფორმატში გვექნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება ის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვისაც ჩვენ დავუჭერთ მხარს ამ არჩევნებში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ გუნდმა არაერთი კანდიდატი განიხილა.

კანდიდატთან დაკავშირებით დაპირისპირებას გუნდში უარყოფს გია ვოლსკი. დეპუტატი ამბობს, რომ იმ პირობებში როდესაც მართვის სადავეები "ქართულ ოცნებას" აქვს, უფრო მეტად დემოკრატიული იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა.

„დაპირისპირებას მე ვერ დავარქმევდი თქვენგან განსხვავებით. მე ვფიქრობ, რომ უფრო იყო აზრთა სხვადასხვაობა. მეც ვამბობდი ერთი პერიოდი, რომ ჩვენი კანდიდატურა იქნებოდა მისაღები მაგრამ რეალურად, არგუმენტები რომლებიც განვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობდა, მათშორის  პარტიის ხელმძღვანელის გარეშეც, მაინც  იმისკენ იხრება რომ დამოუკიდებელი კანდიდატი მაშინ  როდესაც ქართულ ოცნებას მთელი მართვის სადავეები ხელთ უპყრია იქნება უფრო სწორი, დემოკრატიული და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც მისაღები,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეორე ტურის შესაძლებლობაზე საუბრობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ლევან კობერიძის თქმით, ამ მონაცემებით სავარაუდოა, რომ მეორე ტური იქნება.

„ზოგადად საარჩევნო პროცესებისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება, რომ მეორე ტური იყოს. ანუ ძალიან საინტერესო იქნება თუ კი ეს არ იქნება ერთპიროვნული, დამაჯერებელი პირდაპირ ესეთი გამარჯვება, რომელიმე კანდიდატის, რის ალბათობასაც ახლა ნაკლებად ვხედავ. ამ წუთას ყოველ შემთხვევაში, დღეის მოცემულობით. ჯერჯერობით შეგრძნებების დონეზე მე მაქვს შეგრძნება, რომ არის საკმაოდ დიდი ალბათობა მეორე ტურის,“-განაცხადა ლევან კობერიძემ. 

დღის ამბები