26 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრის მფარველობა - საგამოძიებო კომისიის წევრებმა საგამოძიებო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს იმ არგუმენტებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც საქმეში მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრის მფარველობა იკვეთება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, მმართველი გუნდში უარყოფენ.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მირზა სუბელიანის საქმის კვალიფიკაციაზე მსჯელობა მიუღებლად მიაჩნია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას. საგამოძიებო კომისიის წევრის თქმით, მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და სუბელიანის საქმეზე კომისიის ფარგლებში მსჯელობას სასამართლოზე ზეწოლის მაგალითად განიხილავს.

„ბატონი სუბელიანის მიმართ რა კვალიფიკაციით უნდა წარიმართოს საქმე, სწორად მოხდა თუ არა მტკიცებულებების შეფასება და ბრალდების წარდგენა, ეს არის კონსტიტუციით სასამართლოს დასადგენი. პირდაპირ წერია, რომ მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს მიერ. დააკავეს ადამიანი, ბრალი წაუყენეს და პატიმრობის ქვეშ იმყოფება. ახლა ვლაპარაკობთ, რომ ეს მტკიცებულება ასე კი არა ისე უნდა შეფასდეს და ჩვენ, პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი ვეუბნებით პირდაპირ სასამართლოს, რომ ამ გზით იარე, ეს არის პირდაპირი ზეწოლის მაგალითი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას არგუმენტი მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობის მდივნისთვის, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრისთვის, ირაკლი აბესაძისთვის. ირაკლი აბესაძე განმარტავს, რომ კომისიის სხდომაზე მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობენ.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, რა გააკეთა ან რა არ გააკეთა გამოძიებამ. მაქსიმალურად ვიკავებთ თავს შეფასებებისგან კონკრეტული პირების მიმართ, ჩვენ ვსაუბრობთ გამოძიების ტენდენციურობაზე,“ - განაცხადა აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები პასუხისგებაში არიან მიცემული, არ იზიარებს საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე.

„ერთადერთი რითიც არიან დაკავებულები არის ადვოკატირება ამ პირების. ქალბატონი ეკას მხრიდან უფრო მოხერხებულად, უნდა ვაღიარო და ბატონი ანრის მხრიდან ამას ვერ ვიტყოდი... სასჯელს თენგიზ კალანდია არ იხდიდა, თენგიზ კალანდიას ჰქონდა წინასწარი პატიმრობა შეფარდებული, რომლისგანაც იგი გათავისუფლდა. რაც შეეხება, მის შვილს, ლუკა კალანდიას, რომელის ასეთ წნეხში ჰყავს თურმე სახელმწიფოს, ლუკა კალანდიას მიმართ გამოყენებულია გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით. რაც შეეხება მ.კ.-ს, რომელიც თქვენ ამბობთ, რომ პასუხისგებაში არის მიცემული, მ.კ.-ს მიმართ გამოყენებულია მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა და კომისიას მიაჩნია, რომ მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა კი არ უნდა იყოს მ.კ.-ს მიმართ გამოყენებული და დანაშაულის დაფარვაში კი არ უნდა იყოს ბრალდებული, არამედ იგი ბრალდებული უნდა იყოს დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად მონაწილეობისთვის,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დასრულების შემდეგ გაგრძელდება ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვა. კონკრეტულად ერთ-ერთი თავის, რომელიც შეეხება წინასწარ გამოძიებაში პროკურატურის და შსს-ს მიერ დაშვებულ შეცდომებს. 

დღის ამბები