26 დეკემბერი 2024,   14:58
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვენ და სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვენ.

ტელეკომპანიის 150 ადამიანს სწორედ დღეს ამოეწურა ვადა, გაეცათ პასუხი ხელმძღვანელების შეთავაზებაზე, რომელიც საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.

თანამშრომლების ნაწილი ამ წინადადებას არ დასთანხმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად სამსახურების გარეშე დარჩნენ. მანამდე კი ისინი კიდევ ერთხელ შეეცადნენ, დაერწმუნებინათ მაღლაფერიძე, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა.

მოლაპარაკებათა მაგიდასთან დღეს არხის მენეჯმენტი, პროფკავშირები, იურისტები და ის ადამიანები ისხდნენ, რომლებიც ამ არხის თანამშრომლები უკვე აღარ უკვე არიან.

დაძაბულობამ პიკს საზოგადოებრივ არხზე დღის ბოლოს მიაღწია, არხის თანამშრომლების ნაწილმა დღეს გენერალური დირექტორი არაკომპეტენტურ მმართველობაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა.

გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ისინი, ვინც ანაზღაურების ახალ წესზე გადაჰყავთ,  სამუშაო საათებში სამსახურში ძირითადად არ იმყოფებოდნენ.

გენერალური დირექტორის ამ პასუხით უკმაყოფილო თანამშრომლები დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნას თანამშრომლები და პროფკავშირების წევრები ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ. ზეგ კი მაღლაფერიძესთან მომდევნო შეხვედრა გაიმართება იმ მიზნით, რომ თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება სამსახურიდან აღარ გაგრძელდეს.

დღის ამბები