საქართველოს ყოფილი პრემეირ-მინისტრისა და შს მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადვოკატები ამ დრომდე ელოდებიან. სწორედ ზუსტი დიაგნოზის გაგების შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა აუცილებელი ვანო მერაბიშვილის სტაციონარული მკურნალობა.
ადვოკატები სასამართლოს ამ შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართავენ, რაც მათ გადასცემენ ზუსტ დიაგნოზს მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
„ავიღებთ დიაგნოზს და ვნახავთ რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად შემდეგ ჩამოვყალიბდებით. თუ ვნახავთ რომ მისი დიაგნოზი ისეთია რომ მას სჭირდება მკურნალობა სტაციონარულ დაწესებულებაში - სამოქალაქო საავადმყოფო მაქვს მხედველობაში, ბუნებრივია გვექნება შუამდგომლობა,“- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს. გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ მერაბიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩატარებული გამოკვლევების შედეგები კი უკვე გაეგზავნათ ადვოკატებს.