26 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"არ არის ღირსი, რომ საქართველოს მხედართმთავარი გახდეს" - იმერეთში ზურაბიშვილს აკრიტიკებენ

„მგონი, არ არის ეს ადამიანი ღირსი, საქართველოს მხედართმთავარი გახდეს,“ - ასე აფასებენ იმერეთში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

ადგილობრივების განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში არ უნდა დაადანაშაულოს, რადგან, იმერლების თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო.

„ჩემი აზრით, მაგის პრეზიდენტობა არ შეიძლება საქართველოში,“ - აცხადებენ ქუთაისში და განმარტავენ, რომ აგრესორი ქვეყანა რუსეთია.

ქუთაისელების თქმით, მსგავსი განცხადებებით ზურაბიშვილი ქვეყანას ზიანს აყენებს და მოღალატეობრივი განცხადებაა.

თერჯოლელები მმართველ გუნდს, ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, აკრიტიკებენ.

„რას ჰქვია, საქართველომ დაიწყო ომი, ეს ამდენი ახალგაზრდები რომ დაწყდნენ, ჩემი ნათლული მოკვდა, ეს რა სამართლიანი არის? როგორ უნდა, რომ მიცვალებულის მშობლებს ჩახედოს თვალებში და ჩვენს უფროსობას აპირებს? ეს არაფრით არ შეიძლება,“ - აცხადებენ სამტრედიაში.

იმერეთში ამბობენ, რომ ის „რუსეთის ქალია“ და ამიტომ აკეთებს მსგავსი შინაარსის განცხადებებს. მათი თქმით, ამ განცხადებების შემდეგ მისთვის ხმის მიცემა გადაიფიქრეს.

„სალომე ზურაბიშვილის ხსენებაც არ მინდა... ჩვენ, უბრალოდ, ჩვენს მოსახლეობას ვიცავდით და ის იყო ჩვენი ტერიტორია. ჩვენ ჩვენი ხალხისთვის არასდროს იარაღი არ მიგვიშვერია, ეს იყო თავდაცვა მხოლოდ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მოსახლეობის ნაწილი კი სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

დღის ამბები