26 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
„იბერიას“ თემა და შესაძლო კორუფციული გარიგებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა

ტელეკომპანია „იბერიას“ თემა და შესაძლო კორუფციული გარიგებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

სხდომაზე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრეს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ მმართველ გუნდის იმ ჩანაწერების ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების წევრების მხრიდან ბიზნესზე რეკეტი ხორციელდება და მასში მინისტრები, მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილიც მონაწილეობდა.

ლომიამ ასევე, დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება, საიდანაც ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში, რომელშიც სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ მოიაზრება, თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი უნდა გადარიცხულიყო.

„ქალბატონმა ნატომ გააკეთა განცხადება, რომ პირადად მას ფული აქვს მიცემული ქუმსიშვილზე... უბრალოდ, უმრავლესობის კომენტარი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.

პარლამენტარის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პარტიის დისკრედიტაცია“ მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, აუდიოჩანაწერების გავრცელება კონკრეტული ადამიანების ინტერესში შედის და პარტიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„ვისი სტილიც არის ეს ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ასევე ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესებს. კიდევ ერთხელ, ორ-ორი კაცი გაუგებარია, რატომ, როგორ, ახსენებს „ქართულ ოცნებას“, ახდენს დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეული არიან ასეთ რაღაცებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები