კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვის მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია, "ძალა ერთობაშია" ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
დღეს ოპოზიციის წევრებმა პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს.
გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს, რაც მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვას განაპირობებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არსებული კანონპროექტის შეჩერება გამოსავალი არ არის და მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოდან სრულად უნდა იყოს გაწვეული.
„მოვუწოდებთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, დროულად განიხილოს ჩვენი ინიციატივა, რათა დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება.
რაც შეეხება იმ კანონპროექტს, რომელიც დროებით შეჩერებულია, არანაირი შეჩერება და ამ პროცედურების დროში გაწელვა არ უშველის „ქართულ ოცნებას“ ეს კანონპროექტი უნდა იქნას გაწვეული და დავიწყებული. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომ არც ამ დანაშაულებრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ხელისუფლებას რომელიც შემდგომ მოვა, არ გაუჩნდეს აზრად ისეთი დანაშაულებრივი იდეა, რომელიც ნარკოტიკების კულტივაციასა და მის ექსპორტს გულისხმობს“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
საკონსტიტუციო ინიციატივის დასარეგისტრირებლად ოპოზიციამ პარლამენტში კანონპროექტი უკვე შეიტანა. შემდეგი პროცედურა საკითხის ბიუროს სხდომაზე გატანაა, ამის შემდეგ კი საპროცედურო კომიტეტმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს სპეციალური ბლანკები უნდა გადასცეს, რომელზეც ხელმოწერები შეგროვდება.