„კორუფციის კვამლი - დიდი განაწილება თამბაქოს ბიზნესში“ - ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით.
გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაცია შესაძლო კორუფციული დანაშაულის შესახებ საუბრობს, რომლის მონაწილეებიც ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ასევე მმართველი პარტიაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ მასალებზე დროულ რეაგირებას და პირველ რიგში მისი ავთენტურობის დადგენას ითხოვს.
„იმ მასალებიდან, რაც ჩვენ გვაქვს იკვეთება, როგორც კონკრეტული ადამიანების, როგორც მთავრობასთან დაკავშირებული პირების, ასევე მმართველი პარტიის ინტერესი. საუბარი იმაზე, რომ რაღაც კონკრეტულ ბიზნესში მონოპოლიის შექმნა გამოიყენებოდა მმართველი პარტიის დასაფინანსებლად. თუ ეს მართალია, რაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაშინ ჩნდება კითხვა, ზოგადად როგორ ხდება მმართველი პარტიის დაფინანსება და თამბაქოს ბაზრის გარდა სხვა ბაზრებზეც ხომ არ გვაქვს მსგავსი მდგომარეობა,“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე.