16 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ბარიერგადალახულთა გეგმა - რატომ არ ენდობა ოპოზიცია ერთმანეთს და რა მიზანი აქვს რეალურად სიების ჩახსნას

ანა დოლიძე, ფაქტობრივად ადასტურებს, რომ "ძლიერი საქართველოს" ინიციატივა - ერთობლივად განხორციელდეს სიების ჩახსნისა და მანდატების გაუქმების პოლიტიკური აქტი, ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ უნდობლობა გამოიწვია. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი დღეს უკვე ამბობს, რომ ეს ინიციატივა აზღვევს იმ რისკს, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციიდან რომელიმემ ბოლოს, საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა არ დაიწყოს. ეს საფრთხე რომ ხელისუფლების ოპონენტებში არსებობს, ამას ანა დოლიძე აღარ მალავს.

ერთობლივი განაცხადის იდეა "ნაციონალურ მოძრაობას" და "ახლებს" მოსწონთ და ამისთვის მზად არიან, თუმცა, პარალელურად ამბობენ, რომ ჯერ საკითხზე დამატებითი კონსულტაციების გავლაა საჭირო, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თავად პოლიტიკური განაცხადი ინდივიდუალურად უკვე გაკეთებული აქვთ. ორივე პარტია პარლამენტში შესვლას გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოპოზიცია საკუთარ სიტყვას არ გატეხს.

პოზიცია დაფიქსირებული აქვს გიორგი გახარიას გუნდსაც. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს პარტია "საქართველოსთვის" წევრები ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ, თუმცა, აქვე, ერთობლივ პოლიტიკურ აქტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ ახლა, ამ საკითხზე მათი კოლეგა ოპოზიციონერებისგან საუბარს, მხოლოდ პოპულისტური მიზანი აქვს.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ძლიერი საქართველოს" იდეა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციაში არსებულ უნდობლობას და მათი განცხადება შიშის ფაქტორით აიხსნება. მმართველ გუნდი დარწმუნებულია, რომ მათ ოპონენტებს მხოლოდ არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი აქვთ.

არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ცესკომ უკვე გამოაქვეყნა, ახლა 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება პარლამენტის პირველი სხდომისთვის, სადაც სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის დასწრება საკმარისია ყველა წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის - მათ შორის მათიც, ვინც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტიებს სწორედ პირველი სხდომის შემდეგ შეუძლიათ მანდატებზე უარი თქვან და საპარლამენტო სია ოფიციალურად ჩახსნან.

დღის ამბები