17 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმე, ძალადობა ლევან ყიფიანზე და მორიგი სკანდალური ჩანაწერი - სამოქალაქო სექტორი დროულ გამოძიებას ითხოვს

ტელეკომპანია იბერიისა და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და მორიგი სკანდალური ჩანაწერები - სამოქალაქო სექტორი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია დროულად მოხდეს “რუსთავი2“-ის ეთერში გასაჯაროებული სკანდალური ჩანაწერის გამოძიება. მათივე თქმით,  აუცილებელია დაიკითხოს მასში მონაწილე ყველა პირი.

სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებებმა გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დროულად უნდა დაადგინოს.

„ის ჩანაწერები, რომელიც გასაჯაროვდა „რუსთავი2“-ის ეთერის საშუალებით, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყნისთვის. ახლა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პირველი - რას აპირებს გამოძიება და მეორე - თუკი ჩანაწერები ავთენტიკურია, მაშინ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ არა. ეს შეიძლება ვთქვათ, რომ არის ტესტი ხელისუფლებისათვის,“-განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.

„ვხედავთ არაფორმალური მმართველობის, ბიზნესზე ზეწოლის, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში ხელისუფლების პირების შესაძლო ჩართულობის შესახებ ინფორმაციებს. იკვეთება ძალიან ბევრი სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში სჭირდება, რომ სათანადო უწყებებმა გასცენ პასუხი და გამოძიებით დადგინდეს ეს ბრალდებები შეესაბამება თუ არა სიმართლეს,“-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

"რუსთავი-2" სანდო წყაროზე დაყრდნობით კიდევ ერთ სკანდალური ჩანაწერს ასაჯაროებს. ჩანაწერის მიხედვით "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ესაუბრება. თავის დაზღვევის მიზნით საუბრის მონაწილეებიც ნაცვალსახელებით და, ზოგჯერ, კოდური სიტყვებით საუბრობენ. ამ ჩანაწერს წინ უძღოდა ლევან ყიფიანის რამდენიმე შეხვედრა და შემდეგ ყოფილი მთავრი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე განხორცილებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ბიზნესზე გავლენის მოხდენას აიძულებდა, რათა მათგან ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი თანხის გამოძალვა მომხდარიყო. ყოფილი მთავრი პროკურორი ამტკიცებდა, რომ ის ყიფიანთან ივანიშვილის დავალებით მივიდა. ამის გადამოწმება ყოფილმა მინისტრმა კვირიკაშვილთან სცადა.
რის გამოც, ივანიშვილი გაბრაზდა და ფარცხალაძეს ყიფიანის დასჯა მოსთხოვა. ოთარ ფარცხალაძემ თავის ჯგუფთან ერთად, ლევან ყიფიანი იძულებით კონსპირაციულ ბინაში მიიყვანა. სარდაფში ჩაიყვანა, გააშიშვლა და უმოწყალოდ სცემა, თან ემუქრებოდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ამ ინციდენტის შედეგ ყოფილმა მინისტრმა თვითმკვლელობაც სცადა.

დღის ამბები