დრამატული და საშიში დანაშაული - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები გადაცემა ”კვირის აქცენტებში” ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუსა და „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
მათი შეფასებით, აუცილებელია სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძვრა, თუმცა ამ პროცესს და გამოძიების ობიექტურად წარმოებას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს.
„ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ყაჩაღური მაფიოზური დაჯგუფება, რომლის ნათლიმამაც გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის პროკურატურა როგორ გამოიძიებს საქმეს ივანიშვილის წინააღმდეგ ეს საქმე მივა ბოლომდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება შეიცვლება,“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
ოპოზციის შეფასებით, პრობლემების მოგვარება მხოლოდ მთავრობის შეცვლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. "ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ახალ აუდიო ჩანაწერებზე ახალი გამოძიება უნდა დაიწყოს.
„სიტუაცია არის დრამატული, საშიში და გაუგებრად სასტიკიც კი , საქმე გვაქვს საშიშ დანაშაულთან რომლის მონაწილეებიც სამწუხაროდ არიან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღები“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.