17 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
"ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ" - ვანო მერაბიშვილის ადვოკატებისთვის ყოფილი პრემიერის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი უცნობია 

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ადვოკატებისთვის უცნობია. ამის შესახებ განცხადება, მერაბიშვილის უფლებადამცველმა გიორგი ჩივიაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, უფლებადამცველებს ყოფილი პრემიერის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყვანის შესახებ დღეს დილით აცნობეს.

ჩივიაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა გახდა ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი - ეს არის დამატებითი კვლევები თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

„დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით რა სჭირს მერაბიშვილს. სამწუხაროდ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ დაუსვას მას დიაგნოზი და ჩაუტაროს მას ნორმალური, ადეკვატური მკურნალობა. შესაბამისად ამ წუთისთვის ჩემთვისაც უცნობია რატომ გახდა დღეს კიდევ დამატებით გადმოყვანა საჭირო.

ფაქტი ერთია, რომ დიაგნოზები მათ არ აქვთ და არ მკურნალობენ ამ ადამიანს იმის მიხედვით რაც სჭირს,“-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა სასჯელაღსრულების დაწესებულება დიაგნოზს შეგნებულად მალავს. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა სამედიცინო კვლევის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, ადვოკატებისთვის მერაბიშვილისთვის დასმული დიაგნოზი ამ დრომდე არ გადაუციათ.

„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ რაღაცის ფალსიფიცირების მცდელობა ხდება. იმიტომ, რომ ერთი კვირა გადის ჩვენთვის ხელმიუწვდომელია მერაბიშვილის დიაგნოზები ავერსის კლინიკაში ჩატარებული კვლევის შემდეგ. ეს იმ ფონზე, როდესაც გუშინ იუსტიციის მინისტრი გვესაუბრებოდა დარწმუნებით, რომ მას არაფერი არ სჭირს. ანუ რა გამოდის, იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლო კვლევებთან დაკავშირებით და ჩვენ არაფერი არ ვიცით. არ იცის ოჯახმა, არ იციან ადვოკატებმა. ბუნებრივია ეს ყველაფერი აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს,“-ამბობს უფლებადამცველი.

ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში „მედიკლაბ ჯორჯიაში“ იმყოფება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები