სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს. დღეს პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა, თუმცა გადაწყვეტილება მათი დასაშვებობის შესახებ ვერ იქნა მიღებული, რადგან დაცვის მხარემ მათ გასაცნობად დრო ითხოვა.
ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ახალ მტკიცებულებებს შორის არის როგორც მოწმეთა დაკითხვის ოქმები და საპროცესო დოკუმენტური მასალა, ასევე არიან მოწმეები, რომელთა დაკითხვასაც პროკურატურა პროცესებზე ითხოვს.
„ესენი არიან მოწმეები, რომელთა დაკითხვას ითხოვს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე და მეორეს მხრივ არის საპროცესო დოკუმენტები რომელთა დართვასაც ვითხოვთ. დეტალებზე კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ არის დახურული პროცესი თუმცა გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდების მხარე აუცილებლად გააკეთებს კომენტარს,“-განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების დაცვის მხარე კი პროკურორის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე დასაბუთებული პასუხისთვის დროს ითხოვს.
„ბრალდების მხარემ დღეს დააყენა შუამდგომლობა, ფაქტობრივად მოითხოვა უკვე დაკითხული მოწმეების ხელახლა დაკითხვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თან წარმოადგინა თანდართული დოკუმენტაცია. დაცვის მხარეს გვჭირდება რომ გავეცნოთ ყველა ამ დოკუმენტაციას. ყველა ახალი გამოკითხვის ოქმს, რომელიც წარმოდგენილია საქმეში და შემდეგ უკვე ჩვენ დასაბუთებულ პასუხს გავცემთ აღნიშნულ შუამდგომლობას. ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი თუმცა იმისთვის, რომ გავცეთ დასაბუთებული წერილობითი პასუხი ჩვენ გვჭირდება გონივრული დრო,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ბრალდების მხარის მიერ ვერ მოისმინეს დასაბუთება, რომელიც მტკიცებულებების დასაშვებობისთვის საკმარისია. ამ ეტაპისთვის კი დაცვის მხარის მტკიცებით, მათ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ცდილობს მიხეილ კალანდიას აღუდგინოს მოწმის სტატუსი, რადგან პირველმა ინსტანციამ მისი ჩვენება არ გაიზიარა.
„ესენი არიან მოწმეები, რომლებიც უკვე მრავალჯერ დაკითხული არიან როგორც გამოძიებაში ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საქმის წარმოებისას. აქედან გამომდინარე თუკი ის გარემოებები რაზედაც დღევანდელ პროცესზე საუბრობს ბრალდების მხარე არსებობდა მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სასამართლოში აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრათ და დღეის მდგომარეობით ეს ახლად გამოვლენილ გარემოებად არ უნდა იქნას მიჩნეული. ამ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც უნდათ მიიღონ სასამართლოში ბრალდების მხარეს, მე ზუსტად ვერ გეტყვით რა შეიძლება მოლოდინი მათ ჰქონდეთ. თუმცა აშკარაა, რომ დიდი ალბათობით ეს ყველაფერი ემსახურება მ. კ. -ს მოწმის სტატუსის აღდგენას რომლის ჩვენებაც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ იქნა გაზიარებული,“-განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ საქალაქო ინსტანციის 31 მაისის გადაწყვეტილებით პასუხისგებაში ორი პირი მიეცა, თუმცა არც ერთი მათგანი სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ არ სცნო.