17 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
„ერთი საქმე მაინც დაასახელეთ, რომელიც გამოიძიეთ" - მწვავე კამათი "არჩევანში" ვაშაძესა და მდინარაძეს შორის

"ქვეყანაში არსებობს მარტო ერთი ადამიანი - ივანიშვილი, რომელიც მართავს ყველაფერს," -ამის შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ ომეგას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე ქართული ოცნება ცდილობს, წარმოაჩინოს ისე, თითქოს, ეს არის კონფლიქტი მასსა და ოპოზიციას შორის, თუმცა, საზოგადოების დარწმუნებას ამაში ვერ შეძლებენ.

„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ანაღვლებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ჯიბე და ამაზე მიიღებენ პასუხს 28 ოქტომბერს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ცდილობენ, დააგროვონ კაპიტალი, რადგან არჩევნების შემდეგ მათ სახლში ჯდომა მოუწევთ.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს.

„ერთი საქმე მაინც დაასახელონ, რომელიც მათი მმართველობის დროს გამოძიებულია,“ -განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რასაც არჩევანის სტუდიაში მწვავე კამათი მოჰყვა.

მის ამ განცხადებას მამუკა მდინარაძემ უპასუხა. მან კითხვა დაუსვა ვაშაძეს, იცოდა თუ არა მსოფლიო დიდი ქალაქების გახმაურებული მკვლელობების გახსნის სტატისტიკა. ქართული ოცნების წევრის თქმით, სტატისტიკა მსოფლიოში საქმეების გახსნაზე არის 50%, რაც საქართველოში განსხვავებულია.

„თბილისში მკვლელობების გახსნის მაჩვენებელი 95%-ია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და განაცხადა, რომ აუცილებლად გამოქვეყნდება არსებული სტატისტიკა, რომ საზოგადოებამ გაიგოს.

მის საპასუხოდ კი გიორგი ვაშაძემ მაგალითისთვის ეროსი კიწმარიშვილის და ბარბარე რაფალიანცის საქმეები დაასახელა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, ამ ეტაპზე არ არის დადგენილი, იყო თუ არა მკვლელობა ეროსი კიწმარიშვილის საქმე და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს.

„თუ იყო თვითმკვლელობამდე მიყვანა ან  მკვლელობა, ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს კონკრეტული ბრალდებული, მაგრამ ასეთი ვერსიაც კი არ გაჩნდა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

დღის ამბები