სახელმწიფო რეკეტის და სკანდალური ჩანაწერების ფონზე, ხელისუფლება ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება. ბიზნესომბუდსმენი და ასოციაციის თავმჯდომარე, ამ შეხვედრით იმის დემონსტრირებას ცდილობენ, რომ ბიზნესმენებსა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი კომუნიკაცია და ზეწოლა ბიზნესზე, ოპოზიციის წინასაარჩვენო დღის წესრიგის ნაწილია. აქცენტებიც გამომსვლელებმა სწორედ ამ მიმართულებით გააკეთეს.
„დღევანდელი ჩვენი ბიზნესის, ხელისუფლების კომუნიკაცია არის ძალიან ჯანსაღი, ძალიან სწორი და ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად პატარ-პატარა სირთულეებისა, რომელიც არსებობს, ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან სწორი მიდგომა ბიზნესთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით და სწორი სურვილი, რომ მიუხედავად იმისა რა პრობლემები არსებობს, რა თემები არსებობს, მათი მხრიდან იყოს ობიექტური ჯანსაღი ჩართულობა,“-განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.
ბიზნესომბუდსმენმა კი ომეგა "ჯგუფის საქმეს" და მასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი უწოდა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით კომპანიის მთავარი მიზანი არის რომ გადასახადები არ გადაიხადოს და ეს თემა გაიტანოს პოლიტიკურ სივრცეში.
„განცხადებები, რომელიც დღეს კეთდება, ბიზნეს რეკეტთან დაკავშირებით ეს არის სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი და გამომდინარე იმ ერთი კომპანიის ქეისიდან, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის. მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა მომხდარიყო შეთანხმება აღნიშნულ კომპანიასთან საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, რატომღაც აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიის მთავარი მიზანი არის, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და ეს თემა გაიტანოს პოლიტიკურ სივრცეში,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.