17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"ინფორმაციის დამალვა აძლიერებს ეჭვს, რომ არ იყოს რამე ინტოქსიკაცია" - ოპოზიცია მერაბიშვილის მდგომარეობის შესახებ ინფრომაციას ითხოვს

კლინიკა "მედიკლაბთან“ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მივიდნენ. ისინი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან. ოპოზიციის წევრები ითხოვენ პასუხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ყოფილი პრემიერისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ვერსია, რომელიც ვანო მერაბიშვილის შესაძლო მოწამვლას უკავშირდება, სავარაუდოდ რეალურია.

„განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ის, რომ წინა კვირაში ჩატარებული ანალიზები, არათუ ამ საავადმყოფოში ახლა გადმოყვანილის ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის უცნობია. გვაქვს ეჭვი, რომ ვერ დგინდება დიაგნოზი და ამიტომ არ ხდება ამ ინფორმაციის გაცემა, რაც ძალიან სამწუხაროა. ასევე, ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ამ ინფორმაციის დამალვა ხდება, რაც კიდევ აძლიერებს ეჭვს, რომ უკვე იმ პერიოდში როცა უთავდება სასჯელის ვადა, არ იყოს აქ რამე ინტოქსიკაცია, რაიმე  გარეშე ფაქტორი. ეს ეჭვი დღითიდღე ძლიერდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და ოჯახსაც არანაირი ინფორმაცია არ აქვს მისი მდგომარეობის შესახებ,“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარემ ზურა ხარატიშვილმა.

უკვე მეორე დღეა ვანო მერაბიშვილი, უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში რჩება. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, "მედიკლაბში" გუშინ მოათავსეს. ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე ადვოკატები და ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კონსილიუმში, ოჯახის მიერ შერჩეული ექიმების ჩართვას ითხოვენ. ვანო მერაბიშვილს დღემდე არაერთი კვლევა ჩაუტარეს, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. გაურკვეველია ისიც, მოწამლეს თუ არა ყოფილი პრემიერი.

ამ დრომდე ვანო მერაბიშვილის მონახულების უფლებას უშედეგოდ ითხოვს მისი მეუღლეც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები