ლევან ყიფიანის განცხადების და მისი ვერსიის არ სჯერა სამოქალაქო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრის განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არათუ პასუხობს ამ საქმის შესახებ შეკითხვებს, არამედ უფრო მეტ საეჭვო გარემოებას აჩენს. არასამთავრობოები ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
"აქ ისმოდა ძალიან ბევრი კონკრეტული გვარი და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ პიროვნებებზე გასვლა. ეს არის როგორც ბატონი ფარცხალაძე, ასევე ბატონი ივანიშვილი, რომელმაც თავად დაადასტურა რომ მსგავს შეხვედრას ჰქონდა ადგილი,"-აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი კი აღნიშნავს, რომ ლევან ყიფიანის ვერსია მეტად დამაჯერებელი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ის ამ განცხადებას ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე თავიდანვე გააკეთებდა.
"ფაქტი რაც არის, რომ ფარცხალაძე ისევ არ დაკითხეს. არიან ხელშეუხებელი ადამიანები, რომლებამდეც ყოველგვარი კითხვის ნიშნის დასმას და ჩრდილის მიყენებას ყველა მეთოდით ერიდება მმართველი გუნდი,"-განაცხადა ონიანმა.