ოპოზიცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში იმ პირთა შეყვანას ითხოვს, რომლებმაც 6 დღის წინ სამი შვილის დედა გაიტაცეს და სავარაუდოდ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მაია ოთინაშვილი სოფელი ხურვალეთიდან 6 დღის წინ ოკუპანტებმა გაიტაცეს და ამ დრომდე ის ცხინვალის იზოლატორში რჩება. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით სამი შვილის დედა სავარაუდოდ ნაცემია.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში უნდა მოხვდნენ როგორც მაია ოთინაშვილის გამტაცებლები, ასევე ის პირები, ვინც მას სავარაუდოდ შეურაცხყოფა მიაყენა.
„აუცილებელია დასჯა მოძალადეების, დასჯა იმ ადამიანების, ვინც გაიტაცა და სავარაუდოდ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა მაიას, ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანების ჩართვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მათ წინააღმდეგ სანქციების მიღება და მათი საერთაშორისო ძებნაზე დასმა. თითოეულმა მოძალადემ, ვინც ძალადობს ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა იცოდეს, რომ ისინი აუცილებლად გახდებიან სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის ობიექტი,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა.“ ზურა მელიქიშვილის განცხადებით, მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად მთავრობა არაფერს აკეთებს.
„ნაცვლად იმისა, რომ მთელი მთავრობა ერთად აღებული იყვნენ იქ ჩასულები ადგილზე, ითხოვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას, ამ თემას სწევდნენ მსოფლიოს გასაგონად, ნაცვლად ამისა, ისინი დაკავებულები არიან საკუთარი კეთილდღეობით. დაკავებულები არიან თავისი კორუფციული სქემებით და არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს დაცული. დღევანდელმა მთავრობამ იმდენს მიაღწია, რომ უკვე შესაძლებელი არის საკუთარი ეზოდან გაიტაცონ სამი შვილის დედა,“-განაცხადა ზურა მელიქიშვილმა.