საქართველოს ხელისუფლება რუს ოკუპანტებთან ფარულად თანამშრომლობს და საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდის, შედეგად მათ აკავებენ და ცხინვალის ციხეში გადაჰყავთ - ეს სკანდალური განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ამის შესახებ თავად უამბეს.
კითხვაზე, რაში აწყობს ეს საქართველოს ხელისუფლებას, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი“ აცხადებს, რომ ეს იწვევს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებში ე.წ. სტოქჰოლმის სინდრომს. ეს არის სინდრომი, როდესაც მსხვერპლს მოძალადის მიმართ სიმპათია უჩნდება. წინა საარჩევნოდ კი ასეთი განწყობა მოქალაქეებში მარიამ ჯიშკარიანის თქმით საჭიროა იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ რუსეთისთვის სასურველ კანდიდატს.
„არაერთი შემთხვევა არის. ძალიან გახმაურებული შემთხვევა არის წინა და იმ შემთხვევაშიც ჩვენ ოჯახიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ხელშეწყობა ჰქონდა ქართული მხრიდან. ინფორმაცია გადაეცემა ოკუპაციური რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურებს და შესაბამისად ეს ინფორმაციის მიმოცვლა აისახება შემდგომში ვინ დააკავონ, რატომ დააკავონ და ა.შ. და რა ზემოქმედება მოახდინონ. ჩვენთვის უცნობია იმ ადამიანებზე რომლებსაც ისინი აკავებენ რა ზემოქმედება ხდება მათზე და რა მიზანს ემსახურება. ეს ხომ არ არის მხოლოდ ფულის გამოძალვის მიზნით. გარკვეულ წილად გარკვეულ მიზანს ემსახურება. ძირითადად ეს მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ დაშინებულ იქნას ეს მოსახლეობა,“-განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩება 37 წლის სამი შვილის დედამ მაია ოთინაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა ძალის გამოყენებით სოფელი ხურვალეთიდან ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით სამი შვილის დედა სავარაუდოდ ნაცემია.