სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კახელების პროტესტს ეხმაურება, რომლებიც ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქარხნებში მოსავლის მიღება შეფერხებულად არ მიმდინარეობს და აღნიშნავს, რომ წელს ყველაზე დიდი ოდენობით ყურძენი გადამუშავდა.
მინისტრის შეფასებით, მევენახეების მხრიდან გამოხატული უკმაყოფილება მანიპულირებულია.
„არანაირი შეფერხება არ არსებობს. ეს არის ყველაზე წარმატებული რთველი, რომელიც კი ოდესმე გვქონია... 300 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღო მოსახლეობამ. ამის ფონზე, რომ რთველი შეფერხებით მიდის და პრობლემები არსებობს, ეს არის სრული სიცრუე, ეს არის მანიპულირებული პროცესი. საქართველოში ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენილა ბოლო 6 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
ასობით გლეხი ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებს, რადგან ამ დროისთვის ქარხნები დაკეტილია. ქარხნებმა ყურძნის მიღება შეწყვიტეს, ტონობით მოსავალი კი ისევ დასაკრეფია.
ადგილობრივ ხელისუფლებაში გლეხების საპასუხოდ ამბობენ, რომ პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი.