17 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
2 ტომარაში მოთავსებული საქმის მასალები - „სვეტის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. სამშენებლო კომპანია “სვეტის“ დამფუძნებელი და მისი გენერალური დირექტორი ბრალს არ აღიარებენ და ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. 

საქმის მასალები უკვე გადაეცა მათ ადვოკატს, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა და 2 ტომარაშია მოთავსებული. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, საკმაოდ დიდი მოცულობის საქმეში მხოლოდ 66 დაზარალებულია დაკითხული და ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება სწორედ მათი ჩვენებებია. უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა, რამდენიმე წუთის წინ დატოვა პოლიციის მთავარი სამმართველო.

„იყენებს პოზიტიურ უფლებას დუმილის თაობაზე. როდესაც გაეცნობა საქმის მასალებს, მისცემენ ჩვენებებს და ესეც არის კიდევ დადასტურება, რომ ისინი არ გაურბიან პასუხისმგებლობას და თანამშრომლობენ გამოძიებასთან."

„ჯერ გამოძიებას რა დოკუმენტები აქვს მე არ მინახავს. 2 ტომარა მაქვს, 100 კილო კი იქნება წონა. ეს უნდა გავხსნა და ვნახო. ხელშეკრულებებს თუ ვადები ქონდათ, ანუ თუ ხელშეკრულების ვადა ითვალისწინებდა 2 წლის განმავლობაში უნდა მიეღოთ ბინები, ჯერ კიდევ ივლება, რომ ეს შესაძლებლობა სამართლებრივად არსებობს, ანუ თაღლითობა დასრულებულად მაშინ ვერ ჩაითვლება და ბუნებრივია, აქ სადაო გახდება სამართლებრივად ეს ნაწილი,“ - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს, დღის ბოლომდე გადაიგზავნება და ხვალვე, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

კომპანია "სვეტის" დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს მენაშენეების მილიონობით თანხის უკანონო დაუფლებას ედავებიან. კონკრეტულად, კი საუბარია დაახლოებით, 1 მილიონ 600 ათას დოლარზე.

დღის ამბები