შსს-მ ნარკოდანაშაულის ახალი ფაქტები გახსნა. თბილისსა და მის მიმდებარედ ბოლო დღებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული სახეობები იქნა ამოღებული. სამინისტრომ დღეს სტატისტიკა წარდგინა. შსს-ს ინფორმაციით, მხოლოდ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 10 თვეში 192 ადამიანია დაკავებული.
“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ზ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიების წინასწარი მონაცემებით ამოღებულია: 6800 აბი „ექსტაზი“, 1 კილოგრამი „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „LSD“ ფირფიტები.
"თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებისას შეჩერებულ იქნა ავტომანქანა. მგზავრების პირადი ჩხრეკისას, ფეხსაცმელების ძირებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 კილომდე ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 180 გრამ ჰეროინს შეიცავს,“-განაცხადა ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.