26 დეკემბერი 2024,   21:47
ვრცლად
იარაღის ქარხანა, რომელიც გაქრა - ემიგრაციაში იძულებით მყოფი ქართველი ბიზნესმენის სკანდალური ინტერვიუ

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ემიგრაციაში იძულებით მყოფმა ქართველმა ბიზნესმენმა P.S.-ს მიაწოდა - აშშ-ში მყოფი  მამუკა კაკაბაძე ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რადგან საქართველო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის თვალსაზრისით ემბარგოს ქვეშ იმყოფებოდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ადგილზე შეექმნა ისეთი წარმოება, რომელიც ქართული ჯარის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა. მამუკა კაკაბაძე ამბობს, რომ მან შუამავლის ფუნქცია იტვირთა და მოძებნა ინვესტორი, რომელიც საქართველოში იარაღის წარმოებით იქნებოდა დაინტერესებული.

მამუკა კაკაბაძის თქმით პირველ ეტაპზე, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრომ უცხოელ პარტნიორთან ერთად შექმნა კომპანია და მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი მანქანა-დანადგარების შეძენა დაიწყო. ძვირადღირებული საწარმოო ინვენტარი ყოფილი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ შენობაში დამონტაჟდა.

პირველ ეტაპზე, გადაწყდა ამერიკული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის M4-ის დეტალები დამზადებულიყო, რაც თავის მხრივ ქართული ჯარის შეიარაღებას მწყობრში მოიყვანდა. ქარხანაში სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანის საცდელი ეგზემპლარებიც დამზადდა.

წარმოება ბოლომდე გამართული ჯერ კიდევ არ იყო, როცა ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა. ინვესტორს პირველი პრობლემაც სწორედ 2012 წლის შემდეგ შეექმნა. ქვეყანაში ერთ -ერთი მანქანა-დანადგარის შემოტანისას მან დამატებითი ღირებულების გადასახადის უკან დაბრუნების მოითხოვა.

მამუკა კაკაბაძე ამბობს რომ 2013 წლის მაისში საქართველოს მთავრობის მიერ წარგზავნილი ადამიანები დაუკავშირდნენ  და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ითხოვეს.  

თანამშრომლობაზე მამუკა კაკაბაძემ უარი განაცხადა, რის შემდეგაც მის დაკეტილ ბინაში და მისი ძმის სახლში, სამხედრო პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა რა მოტივით დღემდე დაუდგენელია.

მეექვსე წელია ასეთივე გაურკვეველი ვითარებაა იარაღის იმ ქარხანასთან დაკავშირებით, რომელის მიერ წარმოებული ავტომატებითაც ქართული არმია უნდა შეიარაღებულიყო. მამუკა კაკაბაძის ცნობით, გაურკვეველი მიზეზებით ინვესტორს ის წილიც შეასყიდინეს, რომელიც საქართველოს მთავრობას ეკუთვნოდა.
 

დღის ამბები