17 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
"ფულის გათეთრების სქემა სალომე ზურაბიშვილის ფონდისთვის" - ოპოზიცია ექიმების სკანდალს ეხმაურება

„ეს არის ჩვეულებრივად ფულის გათეთრების სქემა სალომე ზურაბიშვილის ფონდისთვის,“- ასეთია ოპოზიციის შეფასება ექიმების მიერ „ოცნების“ კანდიდატისთვის თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ მედიკოსებს ამ ფულის გაღებას აიძულებდნენ.

„არავინ არ არის ასეთ ბრიყვი, რომ ეგონოს რომ ერთ დღეს  გაიღვიძა ჩაჩავას და ღუდუშაურის ყველა ექიმმა და გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა შესწირონ ფული.  ყველა ცხადია მიხვდა რომ აქ ურევია ხელისუფლების ნება. ეს არის ჩვეულებრივად ფულის გათეთრების სქემა სალომე ზურაბიშვილის ფონდისთვის. მე ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს თვითონ ბატონი პრემიერ-მინისტრი  ბახტაძე. მან გვითხრა თავის დროზე, რომ მისი ანგარიშები იყო სწორედ ასე გამოყენებული და ამას ის თვლიდა დანაშაულად. მაინტერესებს რატომ ჩადის თვითონვე, რატომ ექცევა ადამიანებს ისე როგორც არ უნდოდა რომ თვითონ მოქცეოდნენ,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობაც“. ნიკა მელია ამბობს, რომ ექიმებს რომლებსაც აქვთ ძალიან მწირი შემოსავალი, თანხის ჩარიცხვას „ოცნების“ მაღალჩინოსნები აიძულებენ.

„ეს არის იმაზე მეტი ვიდრე დანაშაული და რატომ?-ყველავ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ამ ქალაქში, თბილისში ექიმებს როგორ  უჭირს. მიუხედავად ამისა, რომ არის ძალიან მძიმე სამუშაო  ანაზღაურება ექიმებს აქვთ არა პროპორციული და ძალიან დაბალი. ახალ თუ ვინმეს სჯერა , რომ ექიმს აქვს შესაძლებლობა, რომ ათი ათასობით ლარი შესწიროს კანდიდატს ნებისმიერს და განსაკუთრებით ეს არის სალომე ზურაბიშვილი და საკუთარი ნებით ასეთ ადამიანთან კამათში შესვლასაც აზრი არ აქვს. უბრალოდ ცხადია, რომ ეს ყველაფერი ხდება დირექტივით. ვინ აძლევს  დირექტივას ესეც გასაგებია. ეს ყველაფერი ვერ მოხდება "ქართული ოცნების", რომელიღაცა მაღალი თანამდებობის ან დეპუტატის ჩარევის გარეშე,"-განაცხადა ნიკა მელიამ. 


გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლების რიცხვს ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკის  ექიმები შეემატნენ.  "ოცნების" რჩეული კანდიდატის ანგარიშზე მხოლოდ ამ ორი კლინიკის თანამშრომლების მიერ ჯამში, 200 ათას ლარამდე ლარი ჩაირიცხა.

მედიკოსები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ მათ თანხის გადარიცხვა მენეჯმენტმა აიძულა, თუმცა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ ტელეკამერების წინ და აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირადი სიმპათიის გამო მათ საკუთარი დანაზოგი გაიღეს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს ათობით ათასი ლარი შესწირეს, საერთოდ არ არ არიან მისი მხარდამჭერები.

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კინტრაიამ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი შესწირა,  facebook გვერდზე დაწერა, რომ ის არჩევნებზე მისვლას გეგმავს, თუმცა ხმის მიცემას ზურაბიშვილისთვის არ აპირებს.

 

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები