17 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
სამართალდამცველების დევნის ოპერაციის დროს გარდაცვლილი მამაკაცი - ოჯახი პოლიციელების დასჯას ითხოვს

61 წლის ალექსანდრე ლეონიძის სიკვდილში, ოჯახი საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს. ლეონიძე შეუძლოდ სამართალდამცველების დევნის ოპერაციის დროს გახდა. გარდაცვლილის ძმის მტკიცებით, რომელიც ფაქტის თვითმხილველიც იყო, პოლიციის თანამშრომლები მის ალკოტესტზე შემოწმებას ითხოვდნენ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო კი ალექსანდრე ლეონიძე პატრულს ჯერ წამლის მიღების უფლებას სთხოვდა. პოლიციის უარის შემდეგ ის გარდაიცვალა. ახლობლები პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

ალკოტესტზე შემოწმების შემდეგ, ალექსანდრე ლეონიძე ფხიზელი აღმოჩნდა. პატრულთან შელაპარაკების შემდეგ ის წნევის გასაზომად და წამლის დასალევად წავიდა, თუმცა გზაში გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 61 წლის ლეონიძეს გული აწუხებდა, მომხდარზე ინერვიულა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

61 წლის თანასოფლელის გარდაცვალების გამო მოსახლეობამ გვიან ღამით ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა.

საპატრულო ეკიპაჟის წევრები, რომლებიც 61 წლის მამაკაცს ალკო ტესტზე შემოწმებას აიძულებდნენ, ლევან ნანავა და ბადრი პაქსაძე არიან. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო და გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: თაკო სურგულძე. 

დღის ამბები