ბანკიდან, წითელი სპორტული ჩანთით „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი 4 მილიონი ლარის გატანას თვითმხილველები, დღეს კამერების წინ იხსენებდნენ. პროკურატურაში ისინი ჩვენების მისაცემად დაიბარეს, თუმცა „ომეგას“ მენეჯერებმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვეს.
ბიზნესის რეკეტის საქმის მთავარი ფიგურანტის დაკითხვა პროკურატურას სავარაუდოდ skype-ით მოუწევს. ზაზა ოქუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აპირებს. „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებლის მთავარი და ყველაზე სკანდალური ჩანაწერი „კურიერმა“ შაბათს გაასაჯაროვა. აუდიოფაილში ისმის, რომ „ქართულ ოცნების“ დამფუძნებელი ლევან ყიფიანი, ბიზნესმენს გადახდილი 4 მილიონი ლარის შემდეგ, „ოცნების“ სალაროში კიდევ 3,5 მილიონის გადახდას სთხოვს და ეუბნება, რომ ეს ივანიშვილთან შეთანხმებულია.
აუდიოჩანაწერში, ყიფიანი ოქუაშვილს ეუბნება, რომ ფული ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძეს უნდა მისცეს. ხმაურიანი აუდიო ფაილის გასაჯაროების შემდეგ, სადაც ბიზნესის რეკეტის საქმეში ფარცხალაძის როლი პირდაპირ იკვეთება, ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა. ფარცხალაძე ამტკიცებს, რომ მილიონების ქრთამის სახით აღებასთან კავშირი არ აქვს.
21 აპრილს TBC ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციაზე დღეს განმარტებები ბანკის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ვახტანგ ბუცხრიკიძემ უარყო ინფორმაცია მასზე და მამუკა ხაზარაძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მისი მტკიცებით თანხა კანონის დაცვით გაიცა. „ომეგა ჯგუფში“ კი განმარტავენ, რომ ტრანზაქცია ისე განხორციელდა, რომ ოფშორიდან კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ სრული დოკუმენტაცია არ ჰქონდათ მიღებული.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.