შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა 9 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა. უწყების განმარტებით, გაზრდილია ოჯახში დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი.
ასევე გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოწერის მაჩვენებელიც. ცნობით, გასულ 9 თვეში შემაკავებელი ორდერი 4 339 საქმეზე გამოიწერა. დეპარტამენტის ანგარიში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა წარადგინა.
გიორგი გახარიას თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 000 თანამშრომელმა გადამზადების კურსი გაიარა. მისივე განცხადებით, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა აბსოლუტურად გააზრებული იყო.
„ძალიან მკაფიოდ და კარგად გვესმის, რომ არანაირ წარმატებებს, ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი, ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს და თუ არ ავამაღლეთ, რაც მთავარია, ეს სტანდარტი. ამიტომ როგორც წინაპირობა ყველა სხვა სახის რეფორმის დაწყების და შედეგების მიღწევის, ჩვენ შევქმენით ეს დეპარტამენტი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯი.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ