ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში დღეს კენჭი უნდა უყარონ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ინიცირებულ შესწორებებს. "კურიერმა" დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი მოიპოვა და გაირკვა, რომ დეპუტატების მიერ ინიცირებული 229 ჩასწორებიდან კომპრომისულ ვერსიაში მხოლოდ 24 დარჩა. მათ შორის კი არის "რუსთავი2"-ის საქმე.
შესწორებებში საუბარია საქართველოში არსებულ მედია გარემოზე. ნათქვამია, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი და პლურალისტური და "რუსთავი 2"-ის საქმე აღნიშნულთან მიმართებაში პირდაპირ არის დაფიქსირებული.
გარდა ამისა ევროდეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე.
შესწორების იმ ნაწილის ავტორი, სადაცა საუბარია ვანო მერაბიშვილზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსია. მისი თქმით, შესწორებებში მისთვის ორი საკითხია მნიშვნელოვანი, ესენია "რუსთავი 2"- ის საქმე და ვანო მერაბიშვილი.
“ეს ანგარიში არის გზავნილი პოლიტიკური ელიტისთვის და საზოგადოებისთვისაც, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ვფიქრობ რომ ასოცირების სხვა წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში უფრო დადებითი იქნება. მაგრამ არსებობს კონკრეტული საკითხებიც, ესაა რუსთავი ორის საქმე, რომლის მონიტორინგსაც ვაგრძელებთ. თვალს ვერ დავხუჭავთ და უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას. ეს არის დემოკრატიული და გამჭვირვალე მედიის კრიტერიუმი. მეორე საკითხია ვანო მერაბიშვილის საქმე. აზრი ორადაა გაყოფილი როგორ ჩათვალონ ეს საქმე ნახევრად თუ ნაწილობრივ შესრულებულად. პირადად მე მიმაჩნია რომ ნაწილობრივადაა შესრულებული. ვნახოთ როგორი იქნება კენჭისყრის შედეგი,“-განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
შესწორებებში საუბარია არჩევნებზეც, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. ამასთან ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ანგარიშში საუბარია ასევე რუსეთის აგრესიაზე. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსეთის მხრიდან ეს არის არალეგალური ოკუპაცია. ევროდეპუტატები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას გააძლიერონ საქართველოს თანადგომა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.