17 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
"მთავარი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ არის, რომ ადამიანი იქნას გათავისუფლებული უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე“ - ქეთევან ციხელაშვილი

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მაია ოთინაშვილს და აკაკი დოთიაშვილს ერგნეთში იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ერგნეთში იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. 

ციხელაშვილის თქმით, მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლების პროცესში ყველა შესაბამისი მექანიზმის მობილიზება მოხდა. 

„ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა აპარატმა, ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ აბსოლუტურად, კომპეტენციებიდან გამომდინარე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის მობილიზება მოახდინა, ფორმალურის, მათ შორის არაფორმალურის და მთელი ამ ერთობლიობით დღეს ეს შედეგი დადგა. ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი მსგავსი უკანონობისას, უსამართლობისას და ინციდენტისას მთავარი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ არის, რომ ადამიანი იქნას გათავისუფლებული უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი სპორტსმენებიც. ქართველების გათავისუფლებისთვის მოლაპარაკებების პროცესში ისინიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. 

მათი თქმით, ეცადნენ, რომ მეგობარი სპორტსმენების დახმარებით, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად დაბრუნებოდნენ ოჯახებს.  

„გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს სამეგობროსთან, რომელთაგანაც გვქონდა ინფორმაცია, როდის გამოუშვებდნენ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ იმ დიდი სპორტსმენების გვარებს არ ჩამოვთვლი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის დიდი წვლილია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთან ურთიერთობასთან ერთად, ცალ-ცალკე არაფერი არ მოხდებოდა. ეს იყო ის ურთიერთობა, რასაც ჰქვია მეგობრული ურთიერთობა,“ - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი, ლადო ბურდული.

განცხადება გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, თამთა გოგუაძემ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მონაწილეობით და სხვა სახელმწიფო უწყებების უშუალო ჩართულობით მოხდა უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლება. ის დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ასევე მადლობა სპორტსმენებს, რომელთა უშუალო ჩართულობითაც მოხდა მისი გათავისუფლება,“ - განაცხადა თამთა გოგუაძემ.

 

დღის ამბები