მოზარდების მკვლელობის საქმე - მოწმეებზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიციები და ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრული მოცულობით სცნო დასაშვებად. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილი სცნო დაუშვებლად,“ - განაცხადა პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა.
ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარეს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა და ასევე რამდენიმე პირი დასაკითხ მოწმეთა სიიდან ამოიღო. ადვოკატის განცხადებით, ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება.
„სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ისეთი მტკიცებულება, როგორიც არის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა,“ - განაცხადა ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ.
მომდევნო სასამართლო პროცესი კი უკვე საქმის არსებითი განხილვით გაგრძელდება.